ახალი ამბები
აწსუ–მ სტუდენტთა ბიზნეს იდეის განვითარების 60 000 ევროს ღირებულების პროექტი დაიწყო
FaceBook
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუნდენტებისთვის, ესტონეთის ბიზნეს სკოლის ინიციატივით, ახალი პროექტი "ბიზნეს იდეის განვითარება" დაიწყო.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ბიზნეს იდეები წარმოადგინონ, რომელთა დახვეწაში ქართველი მეწარმეები დაეხმარებიან.

"ბიზნეს იდეის განვითარებაზე მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, სადაც მონაწილეობა უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტეთ ინგლისურ ენაში ჩატარებულ ტესტირებას გამოევლინა საუკეთესო სტუდენტები. პროექტზე განაცხადი 145–მა აპლიკანტმა გააკეთა. აქედან, 40 გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა,"– აცხადებს პროექტის კოორდინატორი, მირანდა კავაძე.

მისივე ინფორმაციით, შერჩეული 40 სტუდენტიდან, 6 უცხოელია.

პროექტის ფარგლებში, 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, მათ ესტონელი ტრენერები გადაამზადებენ.

"40 სტუდენტი დაიყოფა 10 გუნდად. თითოეულ გუნდში იქნება 4 წარმომადგენელი და მენტორობას გაუწევენ ქართველი მეწარმეები. 4 დღიანი ტრენინგების შემდეგ, მათ ნოემბრის ბოლოს ჩაუტარდებათ სკაიპ კონსულტაციები ესტონელ მეწარმეებთან. თებერვალში სტუდენტების მიერ შექმნილი ბიზნეს იდეები გაივლიან შემოწმებას, სადაც გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი. აპრილში გაიმართება მეორე ტური და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც 5 დღიანი სასწავლო ტურით გაემგზავრება ტალინში. იქ სტუდენტები გაეცნობიან იქაური ბიზნეს ინკუბატორის მოდელს. სწორედ ამის შემდეგ, წერეთლის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება ინოვაციური ცენტრი, რომელიც ნებისმიერ მსურველს დაეხმარება საკუთარი ბიზნეს იდეის რეალიზებაში," – ამბობს მირანდა კავაძე.

მისი თქმით, პროექტი "ბიზნეს იდეის განვითარება" საქართველოში, წელს პირველად ხორციელდება და მას 60 000 ევროს ღირებულების თანხით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
Print