ახალი ამბები
ინტერვენციული ცენტრი გარდაცვლილ გოგონაზე -"ბომონდიდან" პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანეს"
FaceBook
ქუთაისში, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, 23 წლის ლანა მიქაბერიძის გარდაცვალების ფაქტზე, განმარტებებს აკეთებენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

ცენტრის მოზარდთა მიმღების და ობსერვაციის ხელმძღვანელი, მაია რუხაძე, რომელმაც პაციენტი 25 ოქტომბერს, მიიღო, ამბობს, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

"კლინიკა "ბომონდიდან" პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის დანაკლისი შეივსო, მდგომარეობის მართვა ვერ მოხერხდა. განვითარდა ანემია, რის საფუძველზეც პაციენტს დაეწყო ფილტვების შეშუპება. იმ მაჩვენებლებით, რითიც ის ჩვენთან მოიყვანეს, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო",- ამბობს მაია რუხაძე.

მისი თქმით, პაციენტს რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს ხუთჯერ გაუჩერდა გული. ჰოსპიტალიზაციიდან 5 საათში კი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძე, რომელსაც "ბომონდში" საკესირო კვეთის შემდეგ ამავე კლინიკაში კიდევ ერთი ოპერაცია ღამის პირველ სააათზე გაუკეთდა, რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, კატასტროფის ბრიგადამ ინტერვენციულში დილის 6:30 წუთზე გადაიყვანა.

მოზარდთა მიმღების და ობსერვაციის ხელმძღვანელს უჭირს გადაჭრით იმაზე საუბარი, შეძლებდა თუ არა პაციენტის გადარჩენას, თუ მისი ჰოსპიტალიზაცია დროულად მოხდებოდა.

"ამაზე გადაჭრით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, 1-2 საათით ადრე რომ მოეყვანათ, ალბათ შესაძლებელი იქნებოდა სიტუაციის მართვა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, ოპერაციიდან რამდენ ხანში დამძიმდა მისი მდგომარეობა? როგორც წესი ასეთი ოპერაციები 30 წუთიდან საათნახევრამდე გრძელდება. ზუსტი გამოთვლა შეუძლებელია, თუმცა, ალბათ, ღამის 2-3 საათზე უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო",-ამბობს მაია რუხაძე.

კლინიკა "ბომონდში" პაციენტის რამდენიმე საათის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვებაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მათი თქმით, სამედიცინო პერსონალმა პაციენტის ინტერვენციულ ცენტრში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მდგომარეობა კრიტიკული გახდა.

გარდაცვლილის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ ქირურგმა შეცდომა საკეისრო კვეთის დროს დაუშვა.

"რაღაც დააზიანეს თავიდანვე და ვეღარ შეძლეს გამოსწორება. ამის გამო დამალეს ფაქტი და კიდევ ერთი ოპერაცია ჩვენს გარეშე ჩაატარეს. "ბომონდის" ხელმძღვანელობას არ სურდა გარდაცვალების ფაქტი მათ დაწესებულებაში დაფიქსირებულიყო და ამიტომ გადაიყვანეს ინტერვენციულში",-აცხადებენ ოჯახის წევრები.

თავად ქირურგი, მამუკა მიქაძე, რომელმაც გარდაცვლილ ლანა მიქაბერიძეს ორი ოპერაცია ჩაუტარა, შეცდომის დაშვებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ პაციენტს პრობლემები არასწორად შესრულებული პირველი საკეისრო კვეთის გამო ჰქონდა.

"იყო შეხორცებები პირველი საკეისროდან. ჩატარდა ოპერაცია, მაგრამ რამდენიმე ხანში პაციენტს სისხლდენა დაეწყო. ამის გამო კიდევ ერთი ოპერაცია გაკეთდა. სისხლდენა შეჩერებული იქნა, მაგრამ შემდეგ შემატყობინეს, რომ მდგომარეობა დამძიმდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ პაციენტი უკვე რეანიმაციულ ჩარევას საჭიროებდა, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ინტერვენციულში გადაგვეყვანა," -ამბობს მამუკა მიქაძე.

შეიძლებოდა თუ არა ლანა მიქაბერიძის გადარჩენა და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მამუკა მიქაძე ამბობს, რომ ის ენდობა გამოძიებას და ელოდება შედეგებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა
Print