ახალი ამბები
ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 31,06%–იანი აქტივობა დაფიქსირდა
FaceBook

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 20 საათიან მონაცემებს ავრცელებს.


კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 50 222 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 31,06% შეადგენს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 68 000–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 42.06 % შეადგენს.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ქუთაისში ამომრჩეველთა ასეთი აქტივობა ადექვატურად მინაჩნია, რადგან მისი აზრით, მათ არჩევანის გაკეთება მხოლოდ ორი პარტიის კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ.

ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 21 საჩივარი შევიდა.

მისივე განმარტებით, #93, #33, #66, #80, #8, #102, #86, #95 და #112–ე უბნებზე დაწერილი საჩივარი საკონტროლო ფურცლის შევსებას შეეხება.

#9 და #65–ე უბანზე კი საჩივარი გადასატანი ყუთის შესახებ შედგა.

"ადგილზე ვიყავით და გადავამოწმეთ ფაქტი. "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" რეგისტრატორებმა, გამოუცდელობის გამო, ვერ გაარკვიეს თუ ვის უნდა მოეწერა ხელი. ყუთი არ გაბათილდება, მათ მიმართ კი, ალბათ დადგება დისციპლინარული სასჯელის პასუხისმგებლობა," – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ასევე, მისი ინფორმაციით, საოლქო კომისია იმსჯელებს #37–ე უბანში, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის შესახებ.

"თუ ეჭვის საბაბი დადგება, მივმართავთ კომპეტენტურ ორგანოებს," – აღნიშნა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.

ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენდა.

 

Print