ახალი ამბები
5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ქუთაისში 26,23%–ია
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 5 საათიან მონაცემებს ავრცელებენ.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 42 423 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 26,23% შეადგენს.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტოვობა ჯერ კიდევ დაბალია.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 17 საათისთვის მონაწილეობა 55 117–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 34,08% შეადგენდა.

ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 12 საჩივარი შევიდა. მისივე განმარტებით, 10 მათგანი საკონტროლო ფურცლის შევსებას შეეხება, 1 საჩივარი დაწერილია ორგანიზაციის დამკვირვებლის მხრიდან კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლის თაობაზე, ხოლო 2 გადასატან ყუთზე.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კონკრეტული უბნების დასახელებისგან, სადაც დარღვევები მოხდა, თავს იკავებს.
"ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება, დეტალურ ინფორმაციას ვერ გავაჟღერებ," – აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.

ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენს.

Print