ახალი ამბები
წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი რუსულ ტურისტულ კომპანიებს გააცნეს
FaceBook
წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი რუსეთში ცნობილ 18 ტურისტული სააგენტოს დირექტორებსა და წარმომადგენლებს გააცნეს.

შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.

წყალტუბოს რეკლამირების და კურორტის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელების საკითხები მრგვალი მაგიდის ფორმატით განიხილეს.

სტუმრები საინფორმაციო ცენტრის მუშაობისა და მომავალი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებით დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია წყალტუბოს შესახებ პოზიტიური მასალების მომზადება და მედიის საშუალებებით გავრცელება.

"წყალტუბოში პირველად ჩამოვედი. თქვენი ქალაქი ულამაზესია, განახლებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სასტუმროები, აბაზანები, მღვიმეები იძლევა იმის საშუალებას, რომ კურორტით სხვადასხვა ასაკის ადამიანები დაინტერესდნენ. ვფიქრობ, ჩვენს შეხვედრას მოჰყვება ახალი კავშირები, მეტი ტურისტი და დამსვენებელი," - განაცხადა მოსკოვის ტურ ოპერატორ "ალენის" ხელმძღვანელმა, ტატიანა დუდინამ.

საინფორმაციო ტურის გამართვის ორგანიზატორმა ჟურნალისტმა, მოსკოვის ერთერთი მსხვილი ტურისტული კომპანიის მენეჯერმა ირინა უიბომ წყალტუბოში სამკურნალო და სპალეო ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა ადამიანებს დავანახოთ, რომ აქ უნდა ჩამოვიდნენ არა რამდენიმე დღით, არამედ მკურნალობის სრული კურსის მისაღებად. მანვე ისაუბრა რეკლამის მხრივ ერთობრივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

საინფორმაციო შეხვედრის დასასრულს თვითმმრთველობის პირველმა პირებმა სტუმრები სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

Print