ახალი ამბები
კერძო კომპანიებს მიწის აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯები დაუფინანსდებათ
FaceBook
კერძო საამზომველო კომპანიებს, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯები აუნაზღაურდებათ.

ინიციატივა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის.

მოქალაქეები, რომლებიც მიწას, სწორედ ამ დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, უკვე უფასოდ შეძლებენ ქონების დაკანონებას.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი–რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის, ირაკლი რაზმაძის თქით, ეს საუკეთესო შანსია იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ქონების სრულყოფილი აღრიცხვა მოხდეს.

"უამრავი ადამიანია, რომელსაც დოკუმენტები სახლში აქვს, მაგრამ აზომვითი ნახაზის უქონლობის გამო, ვერ ახერხებდა ქონების რეგისტრაციას. ამიერიდან კი მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთანავე, დადგინდება რა რაოდენობის კერძო და სახელმწიფო საკუთრება გვაქვს ქვეყანაში, რაც რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემაა. საბოლოოდ უნდა მოწესრიგდეს საკადასტრო რუკა", – აცხადებს ირაკლი რაზმაძე.

მისივე თქმით, პროექტით უკვე ისარგებლა 1000–ზე მეტმა მოქალაქემ.

სახელმწიფოს ინიციატივას დადებითად აფასებენ ქუთაისში მოქმედი საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები.

მათი თქმით, პირდაპირი სუბსიდირების ეს პროგრამა მათთვის გაცილებით უფრო მარტივი და კომფორტულია.

პროექტი ერთწლიანია, თუმცა, მზარდი დინამიკის შემთხვევაში, შესაძლოა, ვადები გაიზარდოს.

აქამდე, ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოქალაქეს 80–დან 100 ლარამდე უჯდებოდა.



Print