ახალი ამბები
"ლექსი კედელზე" – ქუთაისში პოლონური პოეზიის კედელი გაიხსნა
FaceBook
პროექტის "ლექსი კედელზე" ფარგლებში ქუთაისში, გ. ტაბიძის #50–ში საცხოვრებელი სახლის კედელზე პოლონელი პოეტის ლექსი განთავსდა.

ღონისძიება "საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" ორგანიზებით განხორციელდა.

ლექსის ავტორი პოლონელი პოეტი ვისლავა შიმბორსკაა, რომელსაც 1996 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

მას ეს ჯილდო მისი ნაწარმოებისთვის გადაეცა, რომელიც ადამიანური სინამდვილის ფრაგმენტებში ისტორიულ და ბიოლოგიურ დამოკიდებულებას წარმოაჩენს.

"მესამე კალიგრაფიული ნაშრომის ავტორი ფიქრია ჭაბუკიანია. ჩვენი მიზანია კედელი, სადაც ლექსი განთავსდება ფასადურადაც იყოს მწყობრში მოყვანილი. ვფიქრობთ, მომავალი წლის მეორე ნახევარში სიტყვა საქმედ ვაქციოთ,"– განმარტავს "საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელი, შალვა კამლაძე.

ქუთაისში ვიზიტად მყოფ პოლონელსა და თუ სხვა უცხოელ ტურიტს ვისლავა შიმბორსკას ლექსის ნახვა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ან მობილური აპლიკაციით შეუძლია. ამაში კი ინტერნეტ ქიუარ–ის სისტემა დაეხმარება.

პროექტის "ლექსი კედელზე" ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე ადამ მიცკევიჩის ფრაზა განათავსეს, ხოლო ახალგაზრდა კალიგრაფისტმა, ანა ლორთქიფაძემ ქალაქის ცენტრში, კაფე "გარდენიასთან" არსებული კედელი მოხატა.

"საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელის, შალვა კამლაძის თქმით, უახლოეს მომავალში ქუთაისში გერმანული პოეზიის კედლის გახსნაც იგეგმება. 




Print