ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავების სადგომი ბაქანი ფართოვდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქანის გაფართოება მიმდინარეობს.

სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, შპს " ბლექს სი გრუპი" ახორციელებს.

კომპანიამ აღნიშნული ვალდებულება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გამოცხადებული ტენდერის გზით მიიღო.

12 500 000 ლარის ღირებულების ელექტრონული შესყიდვა (SPA160023326) მიმდინარე წლის ზაფხულზე გამოაცხადა.

შპს "ბლექს სი გრუპი" უკონკურენტო იყო. კომპანიას ამ თანხის სანაცვლოდ, ქუთაისის გარდა, ამბროლაურის აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობაც დაევალა.

კერძოდ, ძველ და ახალი ბაქანის ერთიანი ახალი განათება, ასევე, ერთ-ერთი სადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ მასზე შესაძლებელი იყოს ხომალდის გარეცხვა და მისი კორპუსის დამუშავება მოყინვის საწინააღმდეგო სითხით. ამ მიზნით გაკეთდება შესაბამისი დრენაჟი და გამწმენდი ნაგებობა.

გაფართოების არეალში ხვდება ტერმინალის წინ არსებული დეკორატიული პოლიურეთანის საფარი, რომელზეც დახატულია ქუთაისის აეროპორტის ლოგო.

ბაქანის გაფართოების სამუშაოების ფარგლებში 300 კვ.მ. ფართს დემონტაჟი ჩაუტარდება, ხოლო ლოგოს გადატანა საფარის სხვა ადგილას გადაიტანენ.

სამუშაოს დასასრულს უნდა გაკეთდეს ბაქანის მარკირება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქანის მოწყობითი სამუშაოები, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო.

თუმცა, კომპანიაში ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის პროექტის კორექტირება მიმდინაორებს. "ბლექს სი გრუპში" ირწმუნებიან, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

"რაც შეეხება, ამბროლაურს, აეროპორტის ასაფრენი ზოლის სადგომი სამანევრო ბილიკის მოწყობითი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მხოლოდ შემოღობვითი სამუშაოები მიმდინარეობს", - განმარტავს კომპანია "ბლექს სი გრუპის" ადმინისტრატორი.







Print