ახალი ამბები
ქუთაისის მერია შშმ პირებისთვის კონცერტს გამართავს
FaceBook

ქუთაისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შემოქმედებით საღამოს აწყობს.


ღონისძიება სახელწოდებით "შეუზღუდავ შესაძლებლობათა სამყარო" მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება.

საღამოს ორგანიზებისთვის ადგილორივი თვითმმართველობა 10 000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ ფესტივალის პროგრამა უნდა მოიცავდეს შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლისა და კონცერტის ჩატარებას და ხელთნაკეთი აქსესუარების გამოფენას. სპექტაკლის სცენარს მიმწოდებელს "შემსყიდველი" მიაწვდის.

დოკუმენტაციის თანახმად, ასევე, წარმოდგენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს 7- დან 20 წლამდე თხუთმეტმა შშმ პირმა, სასურველია 5 გოგონა და 10 ვაჟი.

ტენდერში გამარჯვებულმა ფესტივალში მონაწილეობისთვის შემოქმედებითი უნარის მქონე, 5 წლის ასაკიდან 70 წლის ჩათვლით, 40 შშმ პირი უნდა შეარჩიოს.

მათ, ასევე, უნდა ჰქონდეთ მუსიკალური სმენა, მსახიობური და ქორეოგრაფიული მონაცემები, ხატვის, ძერწვის, ქარგვის, გობელენზე მუშაობის, აქსესუარების დამზადების, ჟესტების ენაზე ლექსის და სიმღერის შესრულებისა და საკუთარი ლიტერატურული ჩანახატების შექმნის ნიჭი.

კონცერტისთვის უნდა მომზადდეს მუსიკალური ნომრები შშმ პირებისა და პროფესიონალი მომღერლების მონაწილეობით.

სატენდერო დოკუმეტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიებაში მონაწილე 40 მონაწილის საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასაჩუქრება, სპექტაკლის დასრულების შემდეგ ფოიერვერკი, მოსაწვევებისა და აფიშების დაბეჭდვა, ფოტო-ვიდეო გადაღება დისკზე ჩაწერით და რეპეტიციებისა და ღონისძიების ფარგლებში შშმ პირების სახლიდან თეატრში და თეატრიდან სახლში ტრანსპორტირება.



 

Print