ახალი ამბები
უნდა გაკონტროლდეს არა მშრომელები, არამედ დამსაქმებლები - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) ქუთაისში ინდუსტრიულ ქალაქებზე გადაღებული ფილმების ჩვენება გამართა.
პროექტის "ჩაგრულთა ხმები, კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი – სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, ორგანიზატორებმა ორი დოკუმენტური ფილმი წარმოადგინეს.

ნაჩვენები იყო რეჟისორ ბექა წიქარიშვილის ფილმი, "ქალაქი, რომელმაც გაფიცვა გაბედა" და ანა ციმინტიას "ჭიათურა 187 კმ". ისინი იმერეთის ინდუსტრიული ქალაქების, ტყიბულისა და ჭიათურის სოციალურ თუ შრომით გარემოს ასახავს.

"2012 წელს მიღებული შრომის კოდექსი ყველამ პოზიტიურად შეაფასა. ეს, რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა ეს არ არის ის, რაზეც უნდა გავჩერდეთ. უნდა გაკონტროლდეს არა მშრომელები, არამედ დამსაქმებლები, რადგან დამსაქმებლები ყოველთვის მიისწრაფიან იქითკენ, რომ მაქსიმალური მოგება მიიღონ მინიმალური დანახარჯებით. მინიმალური დანახარჯები ნიშნავს იმას, რომ მინიმალური ფული ჩადონ სამუშაო გარემოპირობების გაუმჯობესებაში. ჩვენი მიზანია ეს ყველაფერი დაბალანსდეს და დამსაქმებელი და დასაქმებული იყოს გათანაბრებულები", – ამბობს პროექტის კოორდინატორი, თამარ ქებურია.

ფილმების დასასრულს EMC-ის წარმომადგენელმა, ლელა გვიშიანმა მოხსენება თემაზე "საქართველოს ინდუსტრიული ზონებში არსებული შრომითი პირობები და გარემოებები" წაიკითხა.

მან, ასევე, შრომითი ექსპლუატაციის სპეციფიკურ პრაქტიკებზე ისაუბრა, რასაც უკვე წლებია ადგილი აქვს.

Print