ახალი ამბები
"ევროპა ჩვენი სახლია" 80 000 ლარიან სარეკლამო კლიპზე - "პოტიომკინის სოფელივით" აქციეს ქუთაისი
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩემი სახლია" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ სარეკლამო კლიპზე ისაუბრეს, რომელიც მერიის დაკვეთით გადაიღეს და სადაც ქალაქის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეა საუბარი.

კლიპს "ევროპა ჩემი სახლიას" წევრებმა საარჩევნო პიარის კვალიფიკაცია მისცეს და იგი ქალაქის ბიუჯეტისთვის "გაუმართლებლად ძვირადღირებულ პროექტად" შეაფასეს.

"კლიპი 80 ათას ლარზე მეტი ღირებულების გახლდათ. ეს, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენაა ქუთაისის ისტორიაში, როდესაც ასეთი კოლოსალური თანხა დაიხარჯა კონკრეტული ადამიანის და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პიარზე, მეორე საკითხია, რომ ეს დროში საეჭვოდ ემთხვევა მიმდინარე არჩევნებს და მეორე ტურს", - აღნიშნა „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.

სარეკლამო კლიპი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, მინიმუმ ორ სატელევიზიო არხზე უნდა განთავსებულიყო, ეთერში მიმდინარე წლის ოქტომბერში გავიდა.

ბრიფინგზე "ევროპა ჩემი სახლიას" წევრებმა წარმოადგინეს ფოტომასალაც, როგორც თვალსაჩინოება, სადაც უხარისხოდ რეაბილიტირებული ქუთაისის ქუჩები და სკვერები იყო ასახული.

„ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ამ კლიპით გადაფაროს ის უხარისხო სამუშაოები, რაც ქალაქში გაკეთდა. "პოტიომკინის სოფელივით" აქციეს ქუთაისი. ეს კლიპიც ამას ემსახურება. გადაფაროს რეალობა, "- აღნიშნა გია გოქაძემ.



Print