ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ მედიას პარლამენტის ქუთაისში დატოვებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა"  ქუთაისის მოსახლეობას, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორს, ქალაქში პარლამენტის დატოვებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს. 


ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი  ბობოხიძემ, ადგილობრივ მედიას კამპანიის წამოწყებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქუთაისმა უნდა გაანალიზოს პარლამენტის მნიშვნელობა. 

"მე  არ მჭირდება ქუთაისის მაჟორიტარობა.  თბილისი დედაქალაქის სტატუსის გარეშეც იქნება მთავარი ქალაქი ქვეყანაში, ქუთაისს კი ხელოვნური დახმარება სჭირდება. თუ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლეოსობა, მალე იმ შენობასაც გაყიდიან და ქუთაისს ასეთი შანსი აღარასოდეს ექნება. 10-15 წელიწადში ჩვენ მივიღებთ იმას, რომ დედაქალაქში იცხოვრებს საქართველოს მოსახლეობის 80% და ქუთაისს ფუნქცია აღარ ექნება. ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია დღეს აქ პარლამენტის დარჩენა",-განაცხადა ბობოხიძემ. 

მისი თქმით, ეს ინიციატივა არ უკავშირდება საარჩევნო კამპანიას და განსაკუთრებული როლი ამ თვალსაზრისით საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უნდა შეასრულონ.

"ჩემი სახელი, რაც უნდა დავიწყო, ყოველთვის ასოცირდება პოლიტიკასთან. ამიტომ, ჩემი მხრიდან ეს არ არის  ისეთი ეფექტური,  როგორც საზოგადოების აქტიურობა. ხალხმა უნდა დაანახოს ამ მთავრობას, რომ არ მისცემენ იმ წითელი ხაზის გადალახვის უფლებას, რასაც  პარლამენტის თბილისში გადატანა ჰქვია",-აცხადებს ბობოხიძე.

მისივე თქმით, თუ  იგი მიიღებს გარანტიას პარლამენტის ქუთაისში დატოვების შესახებ, მზად არის კანდიდატურა მოხსნას. 

"ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხებზე  სასუბროდ არასამთავრობო სექტორს, მსახიობებს და სხვა სფეროების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
Print