ახალი ამბები
ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს.

შემთხვევა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ღამის საათებში მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ორმა ნიღბიანმა პირმა მაღაზიიდან 400 ლარამდე თანხა, სიგარეტები და სატელეფონო ბარათები წაიღეს.

უცნობი პირები მაღაზიის თანამშრომელს და მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მაღაზიის დაკეტვამდე 10 წუთით ადრე შემოვარდა ორი ნიღბიანი. ორივეს იარაღი ჰქონდა. სალაროსთან მივიდნენ და რაც იყო თანხა ამოიღეს. ფული ეცოტავათ და გვითხრეს კიდევ გექნებათ შენახული და მოგვეციო. არ სჯეროდათ, რომ ასე ცოტა თანხა იყო. მეტი რომ ვერაფერი წაიღეს, ცემა დაგვიწყეს. ჩემი უფროსი ისე სცემეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროს ჩემი მეუღლეც მოვიდა, თუმცა მას ნიღბიანები იარაღით დაემუქრნენ," - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

მისი თქმით, მაღაზიაში სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, თუმცა, ის დაზიანებული იყო, რაც მისი ვარაუდით, დამყაჩაღებლებმა წინასწარ იცოდნენ.

დაზარალებულების თქმით, საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ, სამართალდამცავებმა ადგილზე თითის ანაბეჭდების აღება შეძლეს, მოგვიანებით კი უბნის ერთ-ერთ სადარბაზოში ნიღბებიც იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Print