ახალი ამბები
"არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნათ" - მერიის თანამშრომლის პასუხი "ქუთაისიპოსტს"
FaceBook
"არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნათ" - ასე პასუხობს ქუთაისის მერიის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი, ლარისა მახვილაძე, კანცელარიის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მომზადებული წერილობითი პასუხის რედაქციაში არგამოგზავნის ფაქტს.
ლარისა მახვილაძის თქმით, მას არ აქვს ვალდებულება განმარტოს მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციისთვის გადასაცემი წერილი "საქართველოს ფოსტას" არ გაეგზავნა.

"არ ვარ ვალდებული აგიხსნათ, რატომ არ მოვიდა პასუხი ფოსტით. თქვენ ხომ ჩაიბარეთ წერილი 17 ოქტომბერს? მიზეზის ახსნის ვალდებულება არ მაქვს. როგორც გინდათ, ისე დაწერეთ",- განაცხადა ლარისა მახვილაძემ.

მერიის საქმისწარმოების, მოქალაქეთა მიღებისა და არქივის წარმოების განყოფილებაში ადასტურებენ, რომ, "ქუთაისიპოსტის" განცხადებაზე (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 225222/01) მომზადებული პასუხი "საქართველოს ფოსტას" ადრესატამდე მისატანად არ გაგზავნია.

იგივეს ადასტურებენ "საქართველოს ფოსტაშიც" და ამბობენ, რომ აღნიშნული წერილი მათ ბაზაში არ იძებნება.

"ქუთაისიპოსტმა" მერიის სამსახურებისა და ააიპი დაწესებულების თანამშრომელთა სატელეფონო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, 2016 წლის 21 სექტემბერს მოითხოვა.

მერიის წერილობით პასუხზე მითითებული თარიღის (04.10.2016) მიხედვით,  საჯარო ინფორმაციის მომზადების კანონით განსაზღვრული ვადა (10 სამუშაო დღე) არ დარღვეულა, თუმცა, განცხადების რეგისტრაციიდან 17 დღის შემდეგაც, წერილში მითითებულ მისამართზე (გ.ჯიბლაძის #8) პასუხი არ მოსულა.

ჟურნალისტს პასუხი მხოლოდ მე-18-ე დღეს, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ადგილზე მისვლის შემდეგ, ხელზე ჩაბარდა.

"საქართველოს იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის იურისტის თამარ ფაჩულიას განმარტებით, კანონი საჯარო დაწესებულებას მომზადებული დოკუმენტაციის გაგზავნის ვადებს არ უწესებს, თუმცა, ინფორმაციის დაუყოვნებლივი მომზადება რაც 10 დღიან სამუშაო ვადას მოიცავს, თავისთავად გულისხმობს წერილობითი დოკუმენტის ადრესატისთვის გაგზავნის ვალდებულებას.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საჯარო დაწესებულების მიერ მომზადებული ინფორმაციის ადრესატისთვის მიწოდების ვადებს არ ითვალისწინებს, თუმცა, დაუყოვნებლივ მომზადებაში გაგზავნის უზრუნველყოფაც ცხადია უნდა იგულისხმებოდეს. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ვარიანტი, (იგულისხმება წერილზე მითითითებული ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი), რათა დროზე ჩაბარდეს ადრესატს გამზადებული დოკუმენტი. თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ ვადასთან დაკავშირებულ ვალდებულებას კანონი არ აწესებს, ადმინისტრაციული ორგანოები ხშირად სარგებლობენ ბოროტად",- აცხადებს თამარ ფანჩულია.

"ქუთაისიპოსტისთვის" ადგილობრივ თვითმმართველობაში არც ის განუმარტავთ, აპირებდა თუ არა მერია წერილის მოგვიანებით გაგზავნას.
Print