ახალი ამბები
კობა ნარჩემაშვილის განცხადებით ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა 99,9%–ით არ მოხდება
FaceBook
კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი არ დადგება.

"კიდევ ერთხელ გეუბნებით, 99,9% -ის ალბათობით, ეს საკითხი პარლამენტში არ დაისმება", -აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, მას ამის გარანტია რამდენიმე დღის წინ, გიორგი კვირიკაშვილის საზოგადოებასთან გამართულმა შეხვედრამ მისცა.

"რამდენიმე დღის წინ, პრემიერის საზოგადოებასთან გამართულმა შეხვედრამ, მე მომცა აბსოლუტური განცდა და გარანტია, რომ ამაზე მსჯელობა არც იქნება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და უმრავლესობა არ დააპირებს ხელის გადაგრეხვით იმოქმედოს და თუ ქუთაისელ ხალხს აქვს სურვილი პარლამენტი იქ იყოს, პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს," - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაზე საარჩევნო კამპანიის აგება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა.

"პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით, ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა - თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს,"– განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შესახებ კობა ნარჩემაშვილმა ქუთაისიპოსტთან, რუბრიკის ბლიც კითხვები ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ფარგლებში ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისს აქვს შანსი არა მხოლოდ საპარლამენტი დედაქალაქი, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი გახდეს.


Print