ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს მათი მოთხოვნის შესწავლას დაჰპირდა
FaceBook
წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მთავარი მოთხოვნა სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამისგან დამოუკიდებლად არსებობაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს უმაღლესი სასწავლებლის რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს, რასაც გიორგი ღავთაძეს დაეთანხმა.

"ჩვენი მოთხოვნა, ასევე, მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური მეცნიერებებიდან და ეკონომიკიდან ინტეგრირებულად შემომავალი საგნები შეიცვალოს ან შესუსტდეს. ამასთან დაკავშირებით, რექტორი მხარდაჭერას დაგვპირდა და განაცხადა, რომ დეტალურად არ იცნობს ამ საკითხს," – ამბობენ სტუდენტები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

გიორგი ღავთაძესთან ერთ საათიანი შეხვედრის დროს საუბარი სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებსაც შეეხო. სტუდენტების თქმით, რექტორისთვის გაუგებარია თუ რატომ ისწავლება სტატისტიკა ჟურნალისტიკის მიმართულებაზე.

"საბოლოოდ, ჟურნალისტებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მიმართულების სტუდენტებს, ერთნაირი დიპლომი გადმოგვეცემა, რომლებშიც სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჩაიწერება. ჩვენ ჩავაბარეთ ჟურნალისტიკაზე და გვინდა ეს აისახოს დიპლომში. რექტორმა კი გვითხრა, რომ დამატებითი სპეციალობის ფურცელში, რომელიც დიპლომს მოყვება, კონკრეტულად წერია, რომ ვართ ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულები," – აცხადებენ სტუდენტები.

რექტორთან შეხვედრის დროს, მათ, ასევე, უკმაყოფილება მოდულებზე არასამართლიან განაწილებაზეც გამოთქვეს.

"როცა პირველკურსელი აბარებს უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებზე, ის პირველი სემესტრის ფინალური გამოცდის შედეგად მიღებული ქულების რაოდენობით საერთაშორისო, საჯარო ან ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ნაწილდება. გასულ წელს სტუდენტები არასამართლიანად გაანაწილეს," – აცხადებენ წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრები დააანონსა, რომელსაც მომავალი კვირიდან განახორციელებს.

რაც შეეხება გიორგი ღავთაძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, ასევე განაცხადა, რომ სტუდენტების მხრიდან დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს.

"პროგრამა უნდა განვიხილოთ, როგორც ცოცხალი, დინამიურად განვითარებული მექანიზმი. თუ პროგრამის განვითარება და პერსპექტივა ამას მოითხოვს, ძეხორციელი ვერ დაუდგება წინ. მე არ ვარ ის ხელმძღვანელი, რომელიც ვინმეს განვითარებას აჩერებს და აფერხებს, მაგრამ სტუდენტების მოლოდინები და სურვილები ერთია და მეორე არის თვითონ ფალულტეტს რა ხედვები და მისწრაფები აქვს. ფაკულტეტმა უნდა გადაწყვიტოს და აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ სტუდენტები მიიღებენ იმ განათლებას, რომელიც მათი პროფესიისათვის არის საჭირო", – ამბობს გიორგი ღავთაძე.

წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში კი განმარტავენ, რომ 2011 წელს, ჟურნალისტიკის სპეციალობის აკრედიტაციის შედეგად, რამდენიმე მიმართულების გაერთიანება ერთ საბაკალავრო პროგრამაში, შეთანხმებით მოხდა. დეკანატის ინფორმაციით,
ხელახალი აკრედიტაცია 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

"თუკი ამ პროგრამის მომსახურე პერსონალი გადაწყვეტს მის დამოუკიდებლად არსებობას, ჩვენგან მხოლოდ აბსოლუტური ხელშეწყობა ექნებათ. მით უმეტეს, პროგრამებს მხარდაჭერა სჭირდებათ, იქნება ეს ფინანსური თუ მატერიალური. თუმცა, პროგრამა აკრედიტაციისთვის საჭირო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს," – აცხადებს ფაკულტეტის დეკანი, აკაკი ბაკურაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები კი, მათი მოთხოვნის გონივრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაფიცვას აანონსებენ.



Print