ახალი ამბები
"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაცია - პარტიის წევრები ადგილზე ვრჩებით
FaceBook
"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლიტიკური გეგმების შეცვლას არ აპირებს.


პოლიტიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ხაზარაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ თუ პარტიაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

"პოლიტიკაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ზოგი წავა და ზოგიც შეიძლება ახალი მოვიდეს. ირაკლის პაუზა სჭირდება, დაფიქრდება და მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ პარტია არ დაიშალა, მე ვრჩები გუნდში", - განაცხადა გიორგი ხაზარაძემ.

"თავისუფალ დემოკრატებს" ქუთაისის ორგანიზაციაში 12 წევრი ჰყავთ. გიორგი ხაზარაძის თქმით, პარტია არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია.

იგი არჩვენებში საკუთარ შედეგებსაც აფასებს. მისი თქმით, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა.

გიორგი ხაზარაძე ქუთაისის #47-ე ოლქში იყრიდა კენჭს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან არჩევნებში 931 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4,12%-ია.

ქუთაისის #47-ე ოლქში სულ რეგისტრირებული იყო 22 573 ამომრჩეველი.

Print