ახალი ამბები
სახალხო დამცველი მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველი 13-18 წლის მოსწავლეებისთვის კონკურსს "მე ომბუდსმენი" აცხადებს.

მასში მონაწილეობის მიღება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.

"მე - ომბუდსმენი" სამი რაუნდისგან შედგება.

პირველი რაუნდი - მოიცავს ადამიანის უფლებათა სფეროში ზოგად განათლებაზე დაფუძნებულ კითხვებს და ჩატარდება ინტერნეტით, სახალხო დამცველის ვებ–გვერდის საშუალებით. მონაწილე გუნდებმა პასუხები უნდა გასცენ 30 ტესტურ კითხვას, არა უგვიანეს 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პასუხები არ მიიღება. კონკურსანტებმა მინიმუმ 20 კითხვას უნდა უპასუხონ სწორად, რათა მოიპოვონ მეორე რაუნდში გადასვლის უფლება.

მეორე რაუნდი - პირველის მსგავსად, ადამიანის უფლებათა სფეროში ზოგად განათლებაზეა აგებული. მეორე რაუნდის კითხვები პირველი რაუნდის კითხვებთან შედარებით რთულია და შედგება 30 ტესტური შეკითხვისგან. მონაწილე გუნდებმა კითხვებზე პასუხები უნდა გასცენ 2016 წლის 31ოქტომბრიდან 14 ნოემბრის 18:00 საათამდე. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი.

მესამე რაუნდი – ფინალურია და ჩატარდება 24 ნოემბერს. ფინალისტები გამოცხადდებიან დათქმულ დროს და ადგილას (ამის შესახებ მოხდება ფინალში მონაწილე გუნდების წინასწარ ინფორმირება). მონაწილეებს ასევე წინასწარ ეცნობებათ იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლის ქონაც ეკრძალებათ მე-3 რაუნდის მსვლელობისას.

კონკურსში მონაწილეობას იღებს 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდები.

რეგისტრაციის გასავლელად თითოეული გუნდი უნდა გაეცნოს კონკურსის წესებს და მასში მონაწილეობის პირობებს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, რეგისტრაციისას არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში გუნდი კარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ომბუდსმენის ვებ–გვერდზე www.ombudsman.ge


Print