ახალი ამბები
გოგი წულაია - ამომრჩეველთა მოსყიდვაში "ოცნებამ" "ნაციონალებს" აჯობა
FaceBook
"ეს ქვეყანა, რომ მებრალება და მეცოდება, ისევ "ნაციონალების" მობრუნებისთვის, თორემ "ოცნება" ღირსია მეორე ტურიც წააგოს."

ეს განცხადება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა გოგი წულაიამ გააკეთა.

მისი თქმით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში, არჩევნების შემდეგ, რაღაც უკეთესობისკენ იცვლება. ჩვენ კი, მივიღეთ კატასტროფა - ორ პარტიანი პარლამენტი," - განაცხადა გოგი წულაიამ.

მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ამომრჩეველთა მოსყიდვა მაინც მოხდა.

"წინასაარჩევნო პერიოდი მეტად დაძაბული და გაყალბებული იყო, ვიდრე თავად არჩევნების დღე. ამომრჩეველთა მოსყიდვაში "ოცნებამ" "ნაციონალებს" აჯობა," -აცხადებს გოგი წულაია.

მან საკუთარ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა, მაგრამ მინდა იმ ქუთაისელების გასაგონად ვთქვა, ვინც მთელს საქართველოში ყველაზე ზარმაცები აღმოჩნდნენ და არ იკადრეს საარჩევნო უბანზე მისვლა. ასეთი საქციელით, ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ქაოსში გადავარდნილ საქართველოს," - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა, გოგი წულაიამ.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ქუთაისში სამივე მაჟორიტარულ ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 68 000–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 42.06 % შეადგენს.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო ფუნქციონირებდა.


Print