ახალი ამბები
მჭირდება ადამიანი, რომელიც გაგზავნილს გაანაწილებს – მოწოდება საქველმოქმედო აქციაში ჩართვისკენ
FaceBook
საქველმოქმედო აქციების ციკლმა "სიკეთე გადამდებია" და "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" მოძრაობის სახე მიიღო და გეოგრაფიაც გააფართოვა.

ღონისძიებების ინიციატორი და ორგანიზატორი, სცენარისტი, აკა სინჯიკაშვილი, ამჯერად ადამიანებს თბილი ტანსაცმლის, საოჯახო ნივთებისა და წიგნების გაცემისკენ მოუწოდებს.

მოგროვილ ნივთებს იმ ოჯახებს გადასცემენ, რომელთაც "ჩვენზე მეტად უჭირს". ნივთები სამი კვირის მანძილზე თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მოგროვდება და შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, ქალაქებსა და სოფლებში გადაიგზავნება.

"ეს შეგროვილი ნივთები გაიგზავნება ყველა რაიონულ ცენტრში, სადაც დახვდება ჩვენი წარმომადგენელი და ზუსტად გაანაწილებს ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდება ", -აღნიშნავს აკა სინჯიკაშვილ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

თუმცა, პროექტი იმ ადამიანებიდანაც საჭიროებს დახმარებას, რომლებიც გზავნილებს მიიღებს და გადაანაწილებს. აკა სინჯიკაშვილი დახმარებას მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს თხოვს.

"მჭირდება დახმარება: ნებისმიერი ქალაქიდან და რაიონიდან მჭირდება ადამიანი, რომელიც გაგზავნილს მიიღებს და გაანაწილებს. აქედან მე გავგზავნი ხოლმე მანქანით", - ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

ის საზოგადოებას ქველმოქმედებაში ჩართვისკენ მოუწოდებს და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს: თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი

"თიბისი ფეიში" მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს". პროექტი არ იქნება ერთჯერადი და გავიმეორებთ ხშირად, იქამდე, სანამ არავის აღარ დასჭირდება," – აღნიშნავს აკა სინჯიკაშვილი.

უკვე რამდენიმე ხანია მუშაობს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი "წიგნი ყველა სოფელში", რომელშიც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაცაა ჩართული.

ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა თქმით, წიგნები ხულოსა და სვანეთის სოფლებში გააგზავნეს. მათივე ინფორმაციით, ისინი თავადაც გეგმავენ საქველმოქმედო აქციების მოწყობას, ამასთან ერთად მზაობას გამოთქვამენ ჩაერთონ ყველა საქველმოქმედო პროექტში.



Print