ახალი ამბები
ქუთაისში ასათიანის ქუჩის დაგვიანებული რეაბილიტაცია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
FaceBook

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ამორტიზებული გზის ნაწილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგო.


სამუშაოებს თურქული კომპანია "smk" ასრულებს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს და დაზიანებული გზის საფარის აღდგენაც ევალება.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ  "SMK" - ს, რომელიც მათი კონტრაქტორი ფირმაა, სამუშაოები  უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეს.

"წყალმომარგების კომპანიის" დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე, ჯერ კიდევ გასულ თვეში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობდა, რომ "SMK" რეაბილიტაციის ვადებს აჭიანურებდა. მისივე თქმით, კომპანიას გზის საფარის მოწყობა არამხოლოდ ასათიანზე, არამედ კიდევ რამდენიმე ქუჩაზე უნდა დაესრულებია.

"5-6 ქუჩაა ქუთაისში, რომლებიც გადათხრილია და არ არის ბოლომდე მიყვანილი," - აცხადებდა ზაზა სიხარულიძე.

"SMK"-ში კი აცხადებენ, რომ კონკრეტულ ქუჩებზე სამუშაოების შესრულებისთვის კონტრაქტით გაწერილი გრაფიკი არ აქვთ.

კომპანიაში რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მათ დამკვეთს აქვს.

"წყალმომარაგების კომპანიაში" თავის მხრივ ამბობენ, რომ რეაბილიტაციის ტექნიკურ ნაწილზე პასუხისმგებელია "SMK".

თურქულ კომპანიაში დასაქმებულები  პირად საუბრებში ასათიანის ქუჩაზე სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, რეაბილიტაციის დროს ძველი მილი დაზიანდა, საიდანაც წყალი ჟონავდა. მუშების განმარტებით, სამუშაოები მანამდე არ დასრულდებოდა, ვიდრე დაზიანების კერას არ იპოვიდნენ.

ასათიანის ქუჩის ერთ მონაკვეთზე გზის საფარი უკვე აღდგენილია, მეორე ნაწილში კი კვლავ წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თუმცა, ამ დროისთვის უცნობია იპოვა თუ არა კომპანიამ დაზიანების კერა, ისევე როგორც დადგენილი არაა ამორტიზებული მილი მოასფალტებულ ნაწილს ეკუთვნის თუ ამორტიზებულს.

 






Print