ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსი ქუთაისელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო კორპუსის პრეზენტაცია გაიმართა.


ინოვაციური კორპუსი, რომლის მშენებლობაც 2017 წელს უნდა დასრულდეს, ქუთაისელი არქიტექტორების მიხეილ ქოჩიაშვილის, გიორგი ქებურიას და ზურაბ ვაშაკიძის მიერაა დაპროექტებული.

"ახალი კორპუსი სტუდენტებისთვის თავისი სერვისებით და პოტენციალით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროექტი იმდენად მასშტაბური არის, რომ იქ განთავსება ფაბ-ლაბი, ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები, ასევე, შესაძლოა საქ-პატენტს დაეთმოს სივრცე," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო.

"ინოვაციური საბიბლიოთეკო კორპუსის არსებობა წერეთლის უნივერსიტეტში უფრო თანამედროვეს და მოქნილს გახდის სწავლის სისტემას. სტუდენტებისთვის სწავლის პროცესი გახდება საინტერესო," - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ.

პროექტი 2 500 000 ლარადაა შეფასებული. აქედან, 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.

ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც წერეთლის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება.


 

Print