ახალი ამბები
დღისა და ღამის საათებში ხმაურის გადაჭარბებაზე ჯარიმები წესდება
FaceBook
გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაური, რომლის დონე დადგენილ ნორმას აღემატება, დასჯადი ხდება.

ამ მიზნით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილებები შედის.

პროექტის მიხედვით, დღისა და ღამის საათებში, თუკი ხმაური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავეებში აღწევს და მისი დონე დადგენილ ნორმატივს აღემატება, პირველ ეტაპზე, ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს.

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩადენა გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორედ მოხდება, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი - 500 ლარით.

ერთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მესამედ და მისი შემდგომი ყოველი ჩადენა ფიზიკური პირისთვის 300 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული პირისთვის - 1000 ლარიან ჯარიმას.

კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ "დღის საათებად" 07:00-დან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთი ითვლება, ხოლო "ღამის საათებად" – 23:00-დან 07:00 საათამდე.

პროექტის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება. უწყებას ე.წ. ხმაურმზომი აპარატურით აღჭურვისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 ათასი ევროს ეკვივალენტი გამოეყოფა.



Print