ახალი ამბები
თერჯოლა–ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატის საქმეს შსს იკვლევს
FaceBook
"ქართული ოცნების" თერჯოლა–ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძისა და თერჯოლის #2 საბავაშვო ბაღის ყოფილი პედაგოგის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ტატო კუჭავამ განუმარტა.

მისი თქმით, საქმის მოკვლევის მიზნით, ამ საქმესთან დაკაშვირებით რამდენიმე პირი უკვე დაკითხულია. თუმცა, კონკრეტუალდ ვინ დაკითხეს, ან მოხდა თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაკითხვა, ამას არ აკონკრეტებს. უწყებაში არც იმას ამბობენ, საქმის მოკვლევა რა მუხლით არის აღძრული.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო ბაღის ყოფილი აღმზრდელი, დალი ხუჭუა, რომელიც "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო, ელგუჯა გოცირიძეს ქრთამის შეთავაზებასა და მუქარაში ადანაშაულებს. მისივე მტკიცებით, ის სამსახურიდან დეპუტატობის კანდიდატის დავალებით გაათავისუფლეს.

"29 აგვისტოს დამიბარა ელგუჯა გოცირიძემ მანქანაში, სადაც 30 000 ლარი შემომთავაზა და კიდევ რაღაც ფხვნილს მაძლევდა პარკში ჩადებულს. მითხრა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ის "ქართული ოცნების" შტაბის იმ დროინდელი ხელმძღვანელის, ივა ჩუბინიძის მანქანაში ჩამედო. მერე რაც მოხდება შენი საქმე არ არისო. მე, რა თქმა, უნდა არ ავიღე ფული, რადგან ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ. მაშინ გოცირიძეს ვუთხარი, რომ მე პარტიას დავტოვებდი და არასოდეს ჰქონოდა მას ჩემთან შეხება. მე ამ ყველაფერს მაშინ ვერ გადავიღებდი ან ჩავიწერდი, რადგან როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ტელეფონი ჩამომართვეს," - აცხადებს ქუთაისპოსტთან საუბარში დალი ხუჭუა.

მისივე განმარტებით, ამ დრომდე მასზე ზეწოლა ხორციელდება, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმა კი მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.


Print