ახალი ამბები
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 258 000 ლარი გამოიყო
FaceBook
სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.

ამ მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 258 000 ლარი გამოყო. შენობის სარეაბილიტაციო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოამზადა.

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი ავარიულობის გამო წლებია არ ფუნქციონირებს.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზში შეკეთდება სახურავი, მოეწყობა ფასადი, ინტერიერი, განათება, გათბობა და შენობასტან მისასვლელი პანდუსი.

სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ეწვევა.

სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი 1966 წლიდან ფუნქციონირებს. მასში 7885 ექსპონატია დაცული. მათ შორის, გალაკტიონისა და ტიციანის მემორიალური ნივთები: ავეჯი, ჭურჭელი, პირადი მოხმარების საგნები, სამოსი. ასევე, ძველბეჭდურიწიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან – 1867 წელს გამოცემული "დავითნი" და 1892 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი".
Print