ახალი ამბები
ცესკო საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს არ განიხილავს
FaceBook
ცენტრალური ადმინისტრაცია საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს მიმართავს კენჭისყრის დღეს, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართონ.

უწყებაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო უბანზე არ ხდება საჩივრის ჩაბარება ან დაფიქსირებული დარღვევის აღმოფხვრა, განმცხადებელს შეუძლია მასზე განცხადება/საჩივარი ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში დაუყოვნებლივ წარადგინოს.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, ასევე უფლება აქვთ გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაფიქსირებული დარღვევები და მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში მიღებულ განცხადება/საჩივარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც თავის მხრივ რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივარს," – აღნიშნულია ცესკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

უფლებამოსილ პირებს, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ოქმის გასაჩივრება შეუძლიათ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კენჭისყრის დღის პროცედურებთან და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრდეს 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში.


Print