ახალი ამბები
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება
FaceBook
სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება.

მსურველებს დარეგისტრირება მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამებს შორის, 50-მდე ახალი მოდულური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით შემუშავდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს პირველად მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებებით, პროფესიული პროგრამების განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმით დაიწყება.

პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.

მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით; რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები. სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

შეფასების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლის 29 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის პრე-ტესტი, ხოლო 30 ოქტომბერს ერთიანი პროფესიული ტესტირება ჩატარდება.

Print