ახალი ამბები
ქუთაისში მასწავლებელთა დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
FaceBook
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მესხიშვილის დრამატულ თეატრში ღონისძიება გაიმართება.
მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამახურის უფროსის, ვაჟა ჯუღელის თქმით, ქალაქის თითოეული სკოლიდან და საბავშო ბაღიდან ერთი მასწავლებელი დაჯილდოვდება.

"იქნება მისასალმებელი სიტყვები, დავაჯილდოვებთ პედაგოგებს. ასევე, მოსწავლეები და მასწავლებლები წარმოადგენენ მცირე საკონცერტო ნომერს," - განაცხადა ვაჯა ჯუღელმა.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პედაგოგებთან შეხვედრა 2 საათზე დაიწყება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე, ღონისძიებას აანონსებს ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურის, სახელოვნებო – საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება.

"შარშან ტრადიცია დამკვიდრდა, ყოველ 5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღგვენიშნა, ამიტომ ჩვენს ერთ–ერთ კულტურის ცენტრში, საფიჩხიაზე, ჩვენი ფილიალებიდან ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს დიპლომებით, სიგელებითა და საჩუქრებით ვაჯილდოვებთ, აგრეთვე ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდება", – ამბობს კულტურის განყოფილების ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის უფროსი სპეციალისტი, ნინო ფაიქიძე.

ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.


Print