ახალი ამბები
ქალები პოლიტიკაში ძალადობის გამო ვერ ხვდებიან - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მაჟორიტარობის ქალ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კანდიდატებმა პოლიტიკაში ქალების სიმცირის მიზეზებზე და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.

მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში კვოტირების შესახებ შეტანილი ცვლილება დროული იყო და ეს ერთ-ერთი გზაა პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობისთვის.

"ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის დამამცირებელი კვოტა, როგორც ეს ზოგ შემთხვევაში იქნა აღქმული. პირიქით, ისეთ უსამართლო საარჩევნო სისტემის პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს, ეს აუცილებელიცაა", - განაცხადა "თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთვის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლია გვენეტაძემ.

შეხვედრაზე იმ კონკრეტულ მიზეზებზეც ისაუბრეს, რის გამოც ქალები თავად ამბობენ უარს პოლიტიკაზე.

"მთავარი მიზეზი, რატომაც არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობაა. პოლიტიკოსი ქალები ყოველთვის უხეშ და ძალადობრივ დამოკიდებულებას აწყდებიან კოლეგა მამაკაცების მხიდან და ამ ზეწოლის გაძლება ყველა ქალს არ შეუძლია. მსგავს შემთხვევებში მე ჩემი კოლეგა ქალბატონებისგანაც კი არ მქონია მხარდაჭერა საკრებულოში", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა და "რესპუბლიკელების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნატო ქათამაძემ.

ქალ კანდიდატებთან შეხვედრა "საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის" ფარგლებში გაიმართა, სადაც პარტიების მიერ წარდგენილი და ასევე, დამოუკიდებელი ქალი კანდიდატები ესწრებოდნენ.



Print