ახალი ამბები
საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები ქუთაისში უცხოელმა ექსპერტებმა განიხილეს
FaceBook
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოება -ამ თემებზე ქუთაისში უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს.

შეხვედრა პროექტის "ევროპა ჩემოდანში" ფარგლებში გაიმართა, სადაც რვა ახალგაზრდა პოლიტიკური ექსპერტი: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან და ხორვატიიდან იმყოფებოდნენ.

ექსპერტებმა, საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად ხორვატია განიხილეს, რომელიც ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, საქართველომ გამოცდილება სწორედ ამ ქყვეყნისგან უნდა მიიღოს და ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები დასახოს.

"სიმბოლური სახელწოდება შევურჩიეთ პროექტს "ევროპა ჩემოდანში," რაც იმას გულისხმობს, რომ ექსპერტებს ჩემოდნით ჩამოაქვთ ცოდნა, ასევე ჩვენგან მიაქვთ გამოცდილება, " - ამბობს პროექტის ორგანიზატორი, ქრისტინა არაქელოვა.

"ევროპა ჩემოდანში" ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება.

ფონდი 2003 წლიდან არსებობს. მათი საქმიანობის მთავარი მიზანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თანამედროვე დემოკრატიებად გარდაქმნის პროცესი და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე აგებული თავისუფალი პოლიტიკური სისტემების დანერგვაა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები ქუთაისის გარდა, თბილისში, მარნეულში, თელავში, ახალციხესა და ბათუმში ჩატარდება.



Print