ახალი ამბები
დაუთვლელი ხარჯი და არშემდგარი ფეიერვერკი სტუდენტურ წვეულებაზე ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება სტუდენტური ღონისძიებით მიულოცა.


რესტორან "ქალაქურში"  "welcome party" სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო.

მუსიკალური ჯგუფები, ტორტი და არშემდგარი ფეიერვერკი- ეს ღონისძიების პროგრამული ნაწილი იყო.

ერთსაათიანი დაგვიანებით დაწყებული სტუდენტთა რეგისტრაცია, 2 საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც სცენა "მანსანკანელებმა" დაიკავეს. თვითმმართველობის ჰიმნის შემდეგ, სტუდენტების განწყობაზე, მუსიკალურმა ბენდებმა "ზეგ" და "მუზეუმმა" იზრუნეს. მოგვიანებით კი საღამო დიჯეი პაპასკირმა გააგრძელა.

წვეულების მთავარი მოვლენა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგოიანი ტორტი, სტუდენტებმა მხოლოდ ღონისძიების დასასრულს დააგემოვნეს.

რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, ფეიერვერკი არ შედგა.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ დაპირებული ფეიერვერკის გაშვების უფლება რესტორნის ადმინისტრაციამ არ მისცათ.

"თავიდან ეს არ ვიცოდით, იმიტომ რომ გვითხრეს არ არის პრობლემაო. მერე ადგილზე გვითხრეს, რომ 10-ის ნახევრამდე გითხარითო, რეალურად კი დრო არ დაუზუსტებიათ. ის პროდუქტი ახლა უკან არის დასაბრუნებელი", -ამბობს ოკრიბელაშვილი.

თვითმმართველობის პრეზიდენტი  ღონისძიების ხარჯებს  არ ასაჯაროებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ზუსტ ციფრებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"ცნობილია, მაგრამ ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ბიუჯეტი როცა დაჯამდება, მერე გახდება ცნობილი. წლის ბოლოს, სავარაუდოდ. ახლა არ მინდა თანხა რომ ვთქვა, იმიტომ რომ დაუზუსტებელია, ახლა შეიძლება სხვა ციფრი ვთქვა და შემდეგ შეიძლება შეიცვალოს",-აცხადებს ოკრიბელაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ბიუჯეტში წლის დასაწყისში ჩაისვა, სტუდენტურ თვითმმართველობას უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ აქვს, რის გამოც, პროგრამულად კონკრეტული თანხის გამოყოფა არ ხდება.

მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებისთვის გასულ წლებში 7 დან 8 ათას ლარამდე დაიხარჯა.

Print