ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს
FaceBook

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკაროებისთვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

სოციალური საცხოვრისს, რომელიც კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში მოეწყობა, შპს "სანო" აშენებს.
კომპანიამ ეს უფლება მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად მოიპოვა. კომპანია ერთადერთი იყო, რომელმაც კონკურსში მონაწილეობა მიიღო.

მშენებლობის ზედამხედველის, ჯიმი გეწაძის თქმით, ამ დროისთვის შენობის ოთხივე სართულზე მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩაისვა, გაილესა და ელექტროგაყვანილობით აღიჭურვა.

"ხვალვე შეგვიძლია შიდა სამუშაოები დავიწყოთ", - ამბობს ჯიმი გეწაძე.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისის მერიას 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. თუმცა, სამუშაოების ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა რეაბილიტაცია ერთი თვით ადრე დასრულდეს.

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

შენობაში საცხოვრებელი ფართი 80-მდე ოჯახისთვის არის განკუთვნილი. საცხოვრებლით დაკმაყოფილებას კი 700 ოჯახი ითხოვს. სწორედ ამდენი განცხადებაა შესული ქუთაისის მერიაში.

ვის გადაეცემა ბინა რეაბილიტირებულ შენობაში ჯერ-ჯერობით უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ბენეფიციარებს სპეციალური კომისია შეარჩევს.




 

Print