ახალი ამბები
საარჩევნო ადმინისტრაციამ შს სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

"ჩვენ თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავედით, ვინაიდან მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველვყოთ ყველასათვის. ჩვენი მიზანია, 8 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც მათ სრულიად თავისუფალ გარემოში შეეძლებათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება. ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით სასწავლო მოდული შეიმუშავა. მემორანდუმზე ხელისმოწერით კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებთ სრულ მზაობას უზრუნველვყოთ ყველასათვის თანასწორი საარჩევნო უფლება და უსაფრთხო, გამჭვირვალე საარჩევნო გარემო," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.

დოკუმენტში ასახულია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, IFES-ის ექსპერტი აქტიურად იყო ჩართული არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონცეფციის შემუშავების პროცესშიც.

მინისტრის განაცხადებით, ცესკო და შსს აქტიურად ითანამშრომლებენ ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

"ვფიქრობ, კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვის,"- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

Print