ახალი ამბები
ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
FaceBook
ხარაგაულის სოფელ ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.

გაფიცულები მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობენ და დამსაქმებელს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას უყენებენ.

გვირაბს ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აშენებს, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორია.

"გაფიცვა არ მიმდინარეობს ხელფასის მატების მოთხოვნით, მუშები ელემენტარული უსაფრთხოების ზომებისა და კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ", - აღნიშნავს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის უფროსი, პაატა ნინუა.

კომპანიასთან დავა თვენახევრის წინ დაიწყო. საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს, ხოლო ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარეებს მედიაციას სთავაზობდა.

"მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, დამსაქმებელი უხეშად ექცევათ. დასვენების დღეები არ გააჩნიათ, კომპანია ბიულეტენს არ აღიარებს. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ. კვირაში შვიდი დღის განმავლობაში მუშაობენ. მხოლოდ ახალ წელს და აღდგომას ასვენებენ თითო-თითო დღით, "- აღნიშნავს პაატა ნინუა.

მისი ინფორმაციით, მუშებისთვის არ არის დაცული ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები.

"აფეთქებები მაშინ ხდება, როდესც მუშები გვირაბში, ხარაჩოებზე იმყოფებიან, თანაც აფეთქების ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში. ასეთი დაუდევრობა და მძიმე პირობები არსად მინახავს", - ამბობს პაატა ნინუა.

გაფიცულები კომპანიას ცხრა პუნქტიან მოთხოვნას უყენებენ, რომლის ძირითადი ნაწილი შრომითი უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

ნინუას ინფორმაციით, მუშების ძირითად მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, ფასიან შვებულება, სპეცტანსაცმლის, სველი წერტილების არსებობა და ა.შ. წარმოადგენს.

ჩინური კომპანიის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ხელმძღვანელობა მედიისთვის ხელმიუწვდომელია.

Print