ახალი ამბები
შსს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამას - "უსაფრთხოების ათი გაკვეთილი" იწყებს.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მეხუთე კლასის მოსწავლეები საგზაო მოძრაობის, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების და ბუნებრივი კატასტროფების დროს რეაგირების აუცილებელ წესებს გაეცნობიან.

მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს შსს-ს საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და "112"-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები ჩაატარებენ.

მიმდინარე სასწავლო წელს, საწყის ეტაპზე პროგრამაში საქართველოს 42 საჯარო სკოლა ჩაერთვება.

შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე ტრენერების გადამზადება მიმდინარეობს.

ასევე, სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადდა გზამკვლევი, რომელშიც ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, ადაპტირებული სახით წარმოდგენილია უსაფრთხოების თემები.

მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი უსაფრთხოების წესების შესახებ მოზარდების ინფორმირება და კატასტროფების დროს რეაგირებასთან დაკავშირებით, მათი ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტის განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები.


Print