ახალი ამბები
NGO სექტორი ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების ძალადობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას და სამართალდამცავებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

განცხადება, რომელიც 2016 წლის 17 სექტემბერს გავრცელდა, ხუთი NGO ორგანიზაცია უერთდება.

მათ შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

"სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანებში მსგავსმა ინციდენტებმა რეგულარული ხასიათი მიიღო: მიმდინარე წლის 2 სექტემბერს დარბეული იქნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ოფისი; 2016 წლის 10 აგვისტოს „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის ოფისი გაქურდეს; 2016 წლის 11 და 12 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროსა და ზუგდიდის ოფისები დაარბიეს; 2016 წლის 22 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრზე განხორციელდა თავდასხმა; 2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა კორცხელში, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. არაერთი მსგავსი ფაქტი იქნა აღრიცხული 2015 წელსაც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არცერთი ზემოთ ხსენებული ინციდენტი ამ დრომდე არ ყოფილა სრულად გამოძიებული და არც სამართალდამრღვევი პირები ყოფილან სათანადოდ დასჯილნი. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი პასიურობა მოძალადეთა წახალისებას უწყობს ხელს. აღნიშნულის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ," – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანია.


Print