ახალი ამბები
ზესტაფონში "ირინეს პარკში" ავტოსადგომის მოწყობის მიზნით შესაძლოა ბეტონის საფარი დააგონ
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ზესტაფონში "ირინეს პარკში", შესაძლოა ბეტონის საფარი დააგონ. ამის მიზეზად ქალაქის ტერიტორაზე არასაკმარისი ავტოსადგომები სახელდება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, რომ ქალაქში არსებული პარკინგის ადგილები საკმარისი არაა. მათივე ინფორმაციით, ორი კერძო და ერთი თვითმმარველობის საკუთრებაში არსებული ავტოსადგომია მოწყობილი. თუმცა, კონკრეტულად რამდენი ავტომობილისთვისაა განკუთვნილი ვერ ასახლებენ.

რაც შეეხება, "ირინეს პარკში" ბეტონის საფარის დაგებას , მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ თუთარაშვილი ირწმუნება, რომ მხოლოდ პარკის უკანა ნაწილი მოწესრიგდება.

"მთლიანი პარკის მობეტონების აუცილებლობა არ დგას. ისედაც, ახალი რეაბილიტირებულია. მხლოდ პარკის უკანა ნაწილია მოსაწესრიგებელი", - განმარტავს ტარიელ თუთარაშვილი.

"ირინეს პარკის" რეაბილიტაცია 2010 წელს დაიწყო და 2011 წელს დასრულდა, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 540 000 ლარი დაიხარჯა.

"ირინეს პარკი" ზესტაფონში XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა არქიტექტორმა ალბერტ ჟანიმ გააშენა, სახელი კი მისი ქართველი მეუღლის, ირინეს საპატივსაცემოდ დაარქვა.


Print