ახალი ამბები
ქრთამის გამოძალვის ფაქტზე იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი დააკავეს
FaceBook
რამდენიმე საათის წინ იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.

უწყების ცნობით დაკავებულია ასევე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელიც.

კაჭარავას დაკავებასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მოქალაქე ჯ.ჯ. დააკავეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი მოქალაქე - ბ.უ. მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით ქუთაისში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში დაიბარეს.
პოლიციის შენობაში ყოფნის დროს, მოწმის სახით დაბარებულ ბ.უ.-ს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა შეხვდა, რომელმაც აღნიშნულ მოქალაქეს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა.

მიმდინარე წლის აგვისტოში, ქუთაისში, ბ.უ. შეხვდა გიორგი კაჭარავას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელ ზურაბ ჭ.-ს, რა დროსაც, გიორგი კაჭარავას მითითებით, ზურაბ ჭ.-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა.

ორი დღის შემდეგ, ბ.უ. ისევ შეხვდა გიორგი კაჭარავას და ზურაბ ჭ.-ს, რომლებმაც, პროკურატურის სახელით, მისი ახლობლის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჯ.ჯ.-სთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად, ოფიციალურად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმის სახით, 30 000 ლარი, ხოლო დამატებით, არაოფიციალურად, ქრთამი მოითხოვეს.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გიორგი კაჭარავამ და ზურაბ ჭ.-მ ბ.უ.-ს გამოსძალეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც ორივე მათგანი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თერთმეტიდან თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."




Print