ახალი ამბები
ქუთაისის მერიას "ფულის მოტეხვაში" ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარვაში ადანაშაულებენ

ამის თაობაზე, "გაერთიანებული ოპოზიციის" #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაია საუბრობს.

მას მერიის მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითად, ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე არსებული საგზაო მონიშვნები მოჰყავს.

"ერთი თვის წინ გააკეთა ქუთაისის მერიამ ზებრა გადასასვლელები აღმაშენებლის გამზირზე, მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ამავე ტერიტორიაზე წყლის სისტემის მოწყობა იგეგმებოდა, გზები უნდა გადათხრილიყო და ეს კარგადაც იცოდნენ. ახლა საგზაო მონიშვნები გადაშლილია და თავიდან გასაკეთებელია, რაზეც ბიუჯეტიდან თანხები ხელმეორედ უნდა დაიხარჯოს. ეს არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ აგრძელებს ფულის მოტეხვას მერია," - ამბობს გოგი წულაია.

ის მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ქუთაისის თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"დეპუტატობის კანდიდატები არიან, თან მმართველი გუნდის, აპირებენ ქუთაისის მაჟორიტარობას და იქნებ დაინტერესდნენ მერიის საქმიანობით, შეაფასონ ბიუჯეტის ხარჯვა და მათ მიერ განხორციელებლი პროექტები" - აცხადებს წულაია.

"პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც ბიუჯეტის თანხების დაზოგვისკენ მოუწოდებს.

ქუთაისის მერიაში წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

"ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაობი, რაც 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. იქ, სადაც იჭრება გზა, მილების დატესტვის შემდეგ, ხდება საფარის აღდგენა. ბატონ გოგის ნერვიულობის საბაბი არ აქვს. რაც შეეხება თანხებთან დაკავშირებით გაკეთებულ აბსურდულ კომენტარს, ამისთვის არსებობს სამართალდამცავები. თუ რაიმე ეჭვი აქვს ბატონ გოგის, მიმართოს შესაბამის უწყებას,"- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

Print