ახალი ამბები
ქუთაისის #29-ე საბავშვო ბაღის ფილიალი კერძო სახლში გადავიდა
FaceBook
ქუთაისის #29-ე საბავშვო ბაღის ფილიალი კერძო სახლში გადავიდა. ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებას აღმაშენებლის 3 შეს #11 ა-ში გააგრძელებს.

"ბავშვთა რაოდენობის მიხედვით ავარჩიეთ კერძო სახლი", - განმარტავენ გაერთიანებაში.

ამ დრომდე #29-ე საბავშვო ბაღი ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან შენობაში იყო განთავსებული. თუმცა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს.

"შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას. თუმცა, შენობის დაზიანებათა და ფიზიკური ცვეთის გათვალისწინებით, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად", - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის #29-ე საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 190-მდე აღსაზრდელი სწავლობს და 44 თანამშრომელი მუშაობს.

ქუთაისში სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2016 წლის19 სექტემბრს დაიწყება.
Print