ახალი ამბები
"ევროპის მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში ქუთაისში კონფერენცია გაიმართება
FaceBook
16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში "ევროპის მემკვიდრეობის დღეები" აღინიშნება.

პროექტის 2016 წლის საერთო თემას "მემკვიდრეობა და საზოგადოება" წარმოადგენს.

საქართველოს მასშტაბით, მუზეუმებში უფასო გამოფენები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.

ღონისძიებების ფარგლებში ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში, 2016 წლის 16-17 სექტემბერს მოეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მუზეუმი და კულტურის სტრატეგია".

საქართველოში, "ევროპის მემკვიდრეობის დღეების" აღნიშვნას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს. ის პირველად 2014 წელს აღინიშნა.

ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.

"ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ყოველი წლის სექტემბრის ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებასა თუ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გულისხმობს, როგორც გამოფენებს, სპეციალურ ტურებს გიდის თანმხლებით, კონფერენციებს, მუზეუმში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილ აქტივობებს, ისე კონცერტებსა და სხვადასხვა ტიპის შოუებს და ა.შ.

Print