ახალი ამბები
კვირიკაშვილი – ქუთაისში ფუძნდება ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი
FaceBook
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერის განმარტებით, ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობის იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყნისთვის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცენდენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში.უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს გამოუშვებს. ეს იქნება ის ხალხი და ის თაობები, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში", – განაცხადა კვირიკაშვილმა სიტყვით გსმოსვლისას.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი კომპლექსი, ჩოგბურთის კორტები, მინი ფეხბურთს მოედნები, დასასვენებელი კლუბები, საცურაო აუზი და სპორტული დარბაზები.

პრეზენტაციაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის მშენებლობის დროს გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები და განახლებადი ენერგიის სისტემები.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 60 000 სტუდენტზე არის გათვლილი. თბილისსა და ქუთაისში ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს.


Print