ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი "გააქტიურდი" ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი "გააქტიურდი"გაიმართა.

ღონისძიება საგანმანათლებლო პროგრამა "მრავალფეროვნების სკოლის" ფარგლებში განხორციელდა.

ორგანიზატორის თქმით, ფესტივალის მიზანი სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდაა.

"ფესტივალის მთავარი თემა ადვოკატირების კამპანია და საზოგადოებრივი მოძრაობების ქართული გამოცდილება არის. ქუთაისში და იმერეთის რეგიონში უამრავი პრობლემა არსებობს, ჩვენი სამიზნე არის წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები. აუცილებელია არსებული პრობლემების შესახებ მოხდეს მსჯელობა და მთავარია, ვიპოვოთ გამოსავალი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია და ა.შ" - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა, ერეკლე ერისთავმა.

შეხვედრაზე ადვოკატირების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართულობა. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ადვოკატირების სწორად წარმართვა, ახალგაზრდებს საშუალება მივეცით ესაუბრათ ყველა იმ პრობლემაზე, რაც მათ ირგვლივ არსებობს," – განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა, ეკა არველაძემ.

სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი "გააქტიურდი" ქუთაისში წელს პირველად ჩატარდა.


Print