ახალი ამბები
დავით ბაქრაძე ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდა
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ქუთაისელ ახალგაზრდებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მან არჩევნებში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით ბაქრაძემ მათ კორუფციისა და ნეპოტიზმისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას დაპირდა.

"ჩვენ დროს სიტყვა კორუფცია და ნეპოტიზმი არ იცოდა მოსახლეობამ რას ნიშნავდა, რადგან ჩვენ დავამარცხეთ იგი, მაგრამ "ქართული ოცნების" დროს გაიგეს," – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მან ასევე, ევროინტეგრაციასა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თავიანთი მმართველობის დროს მიღწეულ წარმატებებსა და შეცდომებზეც ისაუბრა.

"ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება იყო წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი. თუმცა, ახლა მთავარია უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ რეალიზების საშუალება მიეცეს სტუდენტებს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი გავაორმაგოთ და სასწავლებლებთან თანამშრომლობით სტუდენტები გავათავისუფლოთ ბილეთის თანხისა და საზღვარგარეთ ცხოვრების საფასურისაგან,"–ამბობს დავით ბაქრაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ახალგაზრდებს, ასევე, ლიბერალური გარემოს შექმნას დაპირდა.

"2004 წელს საქართველოში კრიმინალური ფონი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ 2010 წლისთვის მოვახერხეთ მისი დამარცხება, ამიტომ შეგვეძლო მაშინ არსებული პოლიტიკა უფრო ლიბერალურისაკენ შეგვეცვალა,"–აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
Print