ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღი დემონტაჟის და 190 ბავშვი ლოკაციის შეცვლის მოლოდინში
FaceBook

სასწავლო პროცესის დაწყებამდე ათი დღით ადრე გაურკვეველია თუ სად გადავა ქუთაისის საბავშვო ბაღის #29-ე ფილიალი.

 

შენობა, რომელიც ჩეჩელაშვილის #22 -ში მდებარეობს იმის გამო ავარიულ მდგომარეობაშია დემონტაჟი ჩაუტარდება.

ერთ-ერთი ვერსიით, საბავშვო ბაღმა, შესაძლოა, ფუნქციონირება აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კერძო სახლში გააგრძელოს.  

"კერძო სახლის რამდენიმე ვარიანტი გვქონდა არჩეული, რომელსაც ბავშვთა რაოდენობის მიხედვით ავირჩევდით. აღსაზრდელთა მიღების პროცესი მიმდინარე წელს ამ ფილიალში არ გვქონია, მხოლოდ დედმამიშვილები მივიღეთ", - ამბობს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსი, თამთა ფოფხაძე.


ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის #29-ე ფილიალის ორსართულიანი შენობის დემონტაჟის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ მისი მდგრადობის შესახებ არადამაკმაყოფილებელი დასკვნა დადო.

"შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შეცველია და საჭიროებს გამაგრება- გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას. თუმცა, შენობის დაზიანებათა და ფიზიკური ცვეთის გათვალისწინებით , არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად", - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.



ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისთვის  ქუთაისის #29-ე საბავშო ბაღის ფილიალმა გასულ წელს მიმართა.

ჩამონგრეული ჭერი და კედლები, ჩავარდნილი იატაკი - ასე გამოიყურება ამ დროისთვის სკოლამდელი დაწესებულების ინტერიერი.

"ნელ-ნელა ინგრევა. არის ოთახები, სადაც ბავშვები აღარ შეგვყავდა, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია", - ამბობს ფილიალის ხელმძღვანელი მაკა იაკობაშვილი.




საბავშვო ბაღის შენობის დაცლის საკითხი სასწავლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე  დადგა. ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების  გაერთიანებაში კი განმარტავენ, რომ ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ, რის გამოც დროული რეაგირება ვერ მოახდინეს.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ობიექტის დემონტაჟისა და ახალი შენობის მშენებლობის შემდეგ, ბაღი ფუნქციონირებას ისევ ძველ მისამართზე გააგრძელებს.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის #29-ე საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 190-მდე აღსაზრდელი სწავლობს და 44 თანამშრომელი მუშაობს.

ქუთაისში სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2016 წლის19 სექტემბრს დაიწყება.


Print