ახალი ამბები
ხარაგაულის გამგებლობისთვის ცესკოში 5 კანდიდატი დარეგისტრირდა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებისთვის გამგებლის პოსტზე კანდიდატები ამ დროისთვის ხუთმა პარტიამ წარადგინა.

კანდიდატებს წარდგენის ვადა 2016 წლის 8 სექტემბერს, 18 საათზე ეწურებათ.

"თავისუფალი დემოკრატები" - უჩა ბერაძე, "რესპუბლიკური პარტია" - მიხეილ ჭიპაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" - თამაზ ლომიძე, "პაატა ბურჭულაძის პარტია" - მირზა ინასარიძე, "პატრიოტთა ალიანსი" – თემურ ფცქიალაძე – ეს ის კანდიდატებია, რომლებიც ცესკოში უკვე დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხება, "ქართულ ოცნებას", პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მანანა ბარბაქაძე ქუთაისიპოსტთან განმარტავს, რომ ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობს და გამგებლის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი დღის ბოლოს დასახელდება.

თამაზ ლომიძე, მიხეილ ჭიპაშვილი და უშანგი ბერაძე გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად მუშაობდნენ.

მირზა ინასარიძე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის "ულიჩინარი" ექიმია, თემურ ფცქიალაძე კი ყოფილი რაიკავშირის მეპაიეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და "პატრიოტთა ალიანსის" ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლავთ.

"რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი, მიხეილ ჭიპაშვილი გასულ წელს ხარაგაულის გამგეობაში მუშაობდა. პოსტიდან მის გათავისუფლებას ყოფილ გამგებელთან და ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კობა ლურსამანაშვილთან დაპირისპირება მოჰყვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამგებლის ვადამდელი არჩევნები  მას შემდეგ  დაინიშნა რაც, გამაგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

იმერეთის რეგიონში შუალედური არჩევნები ჭიათურაშიც ჩატარდება.

საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის მიხედვით, შუალედური არჩევნები იმ შემთხვევაში ინიშნება, როცა გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. მორგი არჩევნები კი მომავალი წლის ოქტომებრში უნდა გაიმართოს.

 

Print