ახალი ამბები
ურბანული ხელოვნება - გამოფენა და კონცერტი ქუთაისის გარეუბანში
FaceBook
ქუთაისში ავტოქარხნის უბანში ახალგაზდებისთვის პროექტის "ურბანული ხელოვნება"ორგანიზება იგეგმება.

პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოფენებისა და კონცერტების გამართვას გულისხმობს.

ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ სამსახურში მიიჩნევენ, რომ პროექტი "ურბანული ხელოვნება" საინტერესო და არაორდინარული იქნება.

"ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სტრიტ არტი, სპეციალურად გადაჭიმულ ქსოვილზე ფოსფორის შემცველი საღებავებით ქუთაისელი მხატვრები მათ მიერ შერჩეული თემატიკის მიხედვით დახატავენ. ასეთი ტიპის საღებავი იმიტომ შეირჩა, რომ ღამითაც "გაანათებს" და ნახატის დანახვა ღამითაც შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა ქუთაისის მერიის ახალგაზრულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენელმა, თამუნა ნიკოლეიშვილმა.

ღონისძიებაში ჩართულია რამდენიმე ქუთასიელი მხატვარი, რომელთა ნახატებსაც თბილისიდან ჩამოიტანენ.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბენდები. როგორც მერიაში განმარტავენ მათთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიაში აზუსტებენ მიზეზს თუ რატომ გადაწყდა გამოფენის ქალაქის გარეუბანში ორგანიზება.

"კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ითხოვენ კონცერტების, გამოფენების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების უშუალოდ მათ უბნებში გამართვას. მიგვაჩნია, რომ ამით ახალგაზრდებს მეტად გავააქტიურებთ და ისინი უფრო მეტად ჩართულები იქნებიან ამ პროცესში", - აღნიშნავს თამუნა ნიკოლეიშვილი.

"ურბანული ხელოვნების" ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

Print