ახალი ამბები
შეჩერებული კონკურსი ააიპ–ებში – ქუთაისის მერიის არაეფექტური მენეჯმენტი თუ წინასაარჩევნო სამზადისი
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ებში დასაქმებულთა ატესტაცია და კონკურსი ბოლო 6 თვეა არ ჩატარებულია.

მიმდინარე წლის აპრილში კი თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ ააიპ–ებში კონკურსი ისევ გაგრძელდებოდა.

ადგილობრივი ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ატესტაციისა და კონკურსის შეჩერების მიზეზად მოახლოებულ არჩევნებს ასახელებს, ნაწილის აზრით კი ის არაეფექტური მენეჯმენტის გამო შეჩერდა.

ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატის, სამსონ გუგავას აზრით, თვითმმართველობამ კონკურსზე უარი, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების მიმართ საჯარო მოხელეების შესაძლო ნეგატიური დამოკიდებულების თავიდან არიდების მიზნით თქვა.

"ცხადია, წინასაარჩევნოდ ძირეული ცვლილებები ცუდ პიარს გაუკეთებდა მათ და ხელს შეუწყობდა უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობის ზრდას, ამიტომ შეაჩერეს პროცესი. როგორც ცნობილია, აიპები ყოველთვის იყო საარჩევნოდ ამომრჩეველთა მობილიზაციის საშუალება, სადაც ახლობლებს და იმ ადამიანებს ასაქმებენ, რომლებსაც შემდეგ არჩევნებზე იყენებენ. გარდა ამისა, არავინ იცის არჩევნებზე ძალთა რა გადანაწილება იქნება და თუ ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა, მან შესაძლოა საერთოდ გააუქმოს თანამშრომელთა დანიშვნის ეს სისტემა",- აცხადებს სამსონ გუგავა და მიიჩნევს, რომ ააიპ დაწესებულებები ფინანურად გაუმჭვირვალე დამატებითი რგოლია, რომელიც უნდა გაუქმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუნებელი გია გოქაძე, მიიჩნევს, რომ ქალაქის ხელისუფლება საკანონმდებლო სივრციდან არის გასული და პოლიტიკური მოტივებით მოქმედებს.

"ვისი მიღებაც უნდოდა მურღულიას, მიიღო. სინამდვილეში, ააიპ–ების თანამშრომლები ხომ საარჩევნო ხმები არიან?! როცა მოუნდებათ მაშინ ჩაატარებენ. არავითარ კანონში არ ჯდება ეს კაცი. ყველას ახსოვს როგორ მოხდა თვეების წინ კონკურსანტთა გაყვანა. ქულებს კი არ მიექცა ყურადღება, არამედ იმას, ვინ უფრო სანდო იყო მათთვის",-ამბობს გია გოქაძე.

კონკურსების შეჩერებას არასწორი მენეჯმენტით ხსნიან "ახალ პოლიტიკურ ცენტრში".

"ეს არის მენეჯმენტის პრობლემა და წინასაარჩევნოდ მარტივად სასურველი კანდიდატების დასაქმება", - აცხადებს "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი.

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია მერიის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო სამზადისს უკავშირებს.

"წინასაარჩევნოდ არ უნდათ ხალხის განაწყენება. ისედაც ასაქმებენ იმათ, ვინც სჭირდებათ არჩევნებზე და რა საჭიროა კონკურსი? ყველა საკითხში არაკომპეტენტურები არიან. რა კონურსი უნდა ჩაატარონ მაგათ, ვერაფერს თავს ვერ აბამენ",-აცხადებს გოგი წულაია.

კონკურსის შეჩერების შესახებ ქუთაისის მერიაში განმარტეს, რომ თანამშრომლები შვებულებაში იმყოფებიან და კონკურსი მათი სამსახურში დაბრუნების შემდეგ განახლდება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ააიპ დაწესებულებებში კონკურსის ახალი ეტაპი 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო. კონკურსი მხოლოდ 4 მათგანში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, ბაგა-ბაღების, სპორტულ და კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში ჩატარდა.

ქუთაისის მერიას სულ 15–მდე ააიპ დაწესებულება ექვემდებარება.



Print