ახალი ამბები
გოგი წულაია ქუთაისის მერიის თანამშრომლებს - ორი თვის ხელფასის გამო ნუ აკეთებთ ამას
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის # 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი წულაია ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ახალი კადრების დასაქმებაში ადანაშაულებს.

წულაიას თქმით, ააიპ "სპეციალური სერვისების" დასუფთავების განყოფილებაში ბოლო რამდენიმე დღეა თანამშრომლებს დროებით ხელშეკრულებებს ინტენსიურად უფორმებენ.

"ბოლო 2-3 დღეა ინტენსიურად ხდება ახალი კადრების მიღება დასუფთავების ააიპ-ში. ზუსტად ვიცი ეს ინფორმაცია. უფორმებენ დროებით ხელშეკრულებებს, რათა შემდეგ წინასაარჩევნოდ გამოიყენონ. მოგვიანებით კი ისევ გაუშვებენ. მივმართავ ამ ადამიანებს, მალე მაინც გამოგყრიან ქუჩაში და ორი თვის ხელფასის გამო ნუ აკეთებთ ამას",-აცხადებს წულაია.

ახალი კადრების მიღებას არ ადასტურებენ "სპეციალურ სერვისებში". თუმცა, ვერ ასახელებენ რამდენი თანამშრომელი მუშაობს ამ ეტაპზე დაწესებულებაში.

"სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი მჟავანაძის თქმით, თანამშრომელთა ნაწილი გარე სამუშაოებზეა დასაქმებული და მათი რაოდენობა სამუშაოს მასშტაბის მიხედვით იცვლება.

"ზოგი ღვარსადენს წმედს, ნაწილი ხის გადაბელვაზე მუშაობს, არიან მობილური ჯგუფები, მწვანე საფარის მოვლაზე პასუხისმგებელი პირები და ასე შემდეგ, ამიტომ მათ ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. სამუშაოების მასშტაბებს გააჩნია. გარდა ამისა, ზოგჯერ ავად ხდებიან ადამიანები, ზოგი შვებულებაშია, ზოგიც ბიულეტენზე და ცხადია, მათ სხვა ადამიანები ენაცვლებიან, რაც ბუნებრივია. ვიღაც ხომ უნდა იყოს მათ მაგივრად, რომ საქმე გაკეთდეს? -ამბობს გიორგი მჟავანაძე.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებში თანამშრომელთა რაოდენობა 2-3 ადამიანით იზრდება ან მცირდება. უფრო მასშტაბური ცვლილება კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ მომხდარა.

ააიპ "სცეპიალური სერვისები" ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ დაწესებულებებს შორის ყველაზე დიდია.



Print