ახალი ამბები
გოგი წულაია - ზღაპრებს არ ვაკადრებ ჩემს ქალაქს
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაია ოფიციალურად წარადგინეს.

მაჟორიტარობის კანდიდატი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ამომრჩეველის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"გამარჯვების იმედი მაქვს, რადგან ქუთაისისთვის ბრძოლა დღეს არ დამიწყია და მე მიცნობს მოსახლეობა. თანამდებობის ცვალებადობის მიუხედავად, არ წავსულვარ არსად, მუდამ ჩემს ქალაქს ვემსახურები. გამარჯვების შემთხვევაში, ზღაპრებს არ ვაკადრებ ჩემს ქალაქს, უბრალოდ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქუთაისს ჰქონდეს ფუნქცია," - აცხადებს წულაია.

იგი პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელია.

წულაია მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით იბრძოლებს.

"გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში ექვსი პარტია - დავით თარხან-მოურავის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კონსტანტინე გამსახურდიას "თავისუფლება", კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო", აკაკი ასათიანის "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძის "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" გაერთიანდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print